“ნენსკრა ჰიდრო” სვანეთში მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებას იწყებს

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ, სს “ნენსკრა ჰიდრომ” 11 და 12 თებერვალს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა, რომლებზეც სამი მასშტაბური სოციალური პროექტის განხორციელება დაანონსდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნენსკრა ჰიდრო ავრცელებს.

აღნიშნული პროექტები ადგილობრივი მაცხოვრებლების საჭიროებების შეფასების საფუძველზე შეიქმნა, მათი განხორციელება კი უკვე ა.წ. თებერვლიდან დაიწყება.

მიწის რეგისტრაციის მხარდაჭერის პროექტი ნენსკრასა და ნაკრას ხეობების მოსახლეობას სთავაზობს აღნიშნულ ხეობებში არსებული ყველა თემისა და საოჯახო მეურნეობის უზრუნველყოფას მათ საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების (ჯამში 450 ჰექტარამდე) საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებით, რაც “მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება. მიწის ნაკვეთის აგეგმვის, აზომვის, საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებისა და მიწის რეგისტრაციის პროცედურების შესახებ კონსულტაციის ხარჯებს “ნენსკრა ჰიდრო” სრულად დაფარავს.

მექანიზაციის პროექტი მოსახლეობისგან ინდივიდუალური ან ჯგუფური მიმართვის საფუძველზე კომპანიის მხრიდან მძიმე ტექნიკით მომსახურებას გულისხმობს, რაც სასოფლო-სამეურნეო და მცირე ინფრასტრუქტურულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეუწყობს ხელს.

მძიმე ტექნიკის ოპერატორების გადამზადების პროგრამა მოწოდებულია, ადგილობრივ მოსახლეობას პროფესიულ გადამზადებაში შეუწყოს ხელი. პროგრამა დააფინანსებს მძიმე ტექნიკის იმ სახეობების ოპერატორთა ტრენინგ-კურსებს, რომლებიც ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას ყველაზე მოთხოვნადი იქნება.

“ნენსკრა ჰიდროს” მიერ გამართულ საჯარო განხილვებს ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი და მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ. სამივე პროექტი “ნენსკრა ჰიდროსა” და მესტიის მუნიციპალიტეტს შორის 2018 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

ინფორმაცია ნენსკრა ჰესის პროექტის შესახებ: სს “ნენსკრა ჰიდრო” კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს “საპარტნიორო ფონდის” თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

სხვა ვიდეოები