გიორგი გაჩეჩილაძე – საბოლოოდ შევთანხმდით, რომ 11 სამინისტრო იქნება

საბოლოოდ შევთანხმდით, რომ 11 სამინისტრო იქნება, – ამის შესახებ მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი გაჩეჩილაძემ განუცხადა.

გიორგი გაჩეჩილაძემ დაადასტურა სამინისტროების გაერთიანებასთან დაკავშირებული ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მედიის მეშვეობით ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა.

„მსჯელობა იყო რეორგანიზაციაზე, საბოლოოდ შევთანხმდით, რომ 11 სამინისტრო იქნება, გაერთიანდება რამდენიმე სამინისტრო ერთმანეთში. გარემოს დაცვაში შემოვა ეკოომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც გააძლიერებს ამ მიმართულებას. რაც შეეხება მცირე მთავრობის საკითხს, ეს ძაან მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკური ზრდის პროცესში ყველა თანხა წავა უღარიბესი ბავშვების ოჯახების დახმარებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საკმაოდ სერიოზული დახმარება წავა იმ ოჯახებზე სადაც 0-დან 6 წლამდე ბავშვები არიან – ეს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა.

ამ ეტაპზე, იცით რომ კულტურა, განათლება და სპორტი იქნება ერთად, შერიგებისა და დევნილების სამინისტრო გაერთიანდება. მთელი სამშენებლო სექტორი, ის, რაც დაკავშირებულია სწრაფ განვითარებასთან – იქნება სკოლების მშენებლობა, ციხეების, დევნილების სახლების მშენებლობა, ეს ყველაფერი მოექცევა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვეშ.

შერიგების სამინისტროსთან გაერთიანდება დევნილთა სამინისტრო, გარკვეული სექტორები გადავა, რომელიც ჯანდაცვასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ძირითადი პოლიტიკური ფუნქცია რაც აქვთ ამ სამინისტროებს, ეს იქნება ერთიანად დაკავშირებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პერსონალიებზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი. გაჩეჩილაძის თქმით, სახელმწიფო მდივნის ინსტიტუტი არ იქნება, საუბარი მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ, ამ პოსტს არ შემოიღებენ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებები განიხილეს.

წყარო: 1tv.ge

სხვა ვიდეოები