
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს 7 პირადი თანაშემწე ჰყავს
ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას შრომითი ხელშეკრულებით დანიშნული 7 თანაშემწე ჰყავს. მხოლოდ თანაშემწეების ხელფასებზე ერთ წელიწადში 109 200 ლარი დაიხარჯება.
ფოთის საკრებულოს დადგენილების მიხედვით, საკრებულოს აპარატის სტრუქტურაში 5 განყოფილებაა გათვალისწინებული, სადაც 16 საშტატო მოხელე და 12 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურეა, აქედან, 7 საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე.
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეები არიან:
მაკა ჩხეტია – საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;
რუსუდან კოღუა – იურიდიულ, სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის საკითხებში;
შორენა ჩოკორაია – სოციალურ საკითხებში;
ოთარ სართანია – სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის საკითხებში;
ნანული თარგამაძე – საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებში;
ეკატერინე ფაჩულია – გენდერული თანასწორობისა და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის საკითხებში;
ირაკლი კიკალეიშვილი – ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში.
თითოეულ თანაშემწეს თვეში 1 300 ლარის ოდენობით ხელფასი აქვს დანიშნული, რაც თვეში 9100 ლარს შეადგენს, ანუ საერთო ჯამში თანაშემწეების ხელფასებზე წელიწადში 109 200 ლარი დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ ასევე 7 თანაშემწე ჰყავდა ფოთის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ალექსანდრე თოფურიასაც. თანაშემწეების რაოდენობა საკრებულოს მიერ 2017 წლის 11 სექტემბერს დამტკიცებული საშტატო ნუსხით გაიზარდა.
წყარო: reginfo.ge